“მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე”- დუტა სხირტლაძემ საიდუმლოს ფარდა ახადა და თავის ნამდვილი წარმომავლობა გაგვიმხილა

ინტერვიუ “კვირის პალიტრის” არქივიდან, რომელიც 2014 წელს არის დუტა სხირტლაძესთან ჩაწერილი.

ცოტა ხნის წინა “ტვ11”-ის ეთერში, გადაცემაში “ჩაის თემა” მსახიობი დუტა სხირტლაძე იყო მიწვეული, სადაც მის გამოსვლას “ქართველობას გვართმევენ” საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. “კვირის პალიტრა” დაუკავშირდა დუტას და კომენტარი სთოხვა.

-“ქართველობას გვართმევენ” ჩემი თემის სათაური არ ყოფილა, მერე დაარქვა ვიღაცამ. თემის სათაური იყო – სადღაც მარცვალი გვაქვს დაკარგული და ის უნდა აღვადგინოთ. ამ თემაში მე უპირველესად საკუთარი თავი მოვიაზრე, რადგან მეც ზუსტად ისევე ვარ გაზრდილი, როგორც იქ ვილაპარაკე. თუ ყურადღებით მოუსმინეს, მე ყველაფერი საკუთარი მაგალითებით მოვყევი, რადგან მე არ მასწავლიდნენ ისტორიას, მე ვცხოვრობდი პოლონეთში და სხვ. ერთადერთი, რაც იქ სხვის მაგალითზე ვთქვი, იყო რუსული ჯარი, მაგრამ ესეც არაა ჩემთვის უცხო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სახლში ორი ჯვარი მიდევს, რომელიც რუსულ ჯარში მოიპოვა ჩემმა დიდმა ბაბუმ, სხვთაშორის, გიორგი მაზნიაშვილთან ერთად ბრძოლის დროს. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ისტორიის ცოდნაშია და მინდოდა ხაზი გამესვა, რომ ჩვენ გვაქვს ის პატარა მარცვალი მოსაძებნი, სადაც შეგვიწყვიტეს ჩვენი წარსულის ცოდნის ამაღლება და მიზანმიმართულად ცდილობდნენ, ეს ყველაფერი ამოეშალათ ჩვენი ცნობიერებიდან. “ქართველობას გვართმევენ” ეს ამ თემაში ჩამჯდარი ერთი პატარა ნიუანსი იყო. მე ვთქვი, რომ ქართველობა წაგვართვეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა გეორგიევსკის ტრაქტატის მერე, რუსებმა მეგობრობის ნაცვლად დაიწყეს საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმება.

– ბევრმა ძალიან ცუდად მიიღო სწორედ ჯარის თემა, რადგან აფხაზეთის ომში დაღუპულების უმეტესობა სწორედ რუსეთის ჯარში იყო ნამყოფი…

– მე ორჯერ მქონდა მცდელობა აფხაზეთში წასვლის, მაგრამ არ გამიშვეს. მაშინ ვიყავი 18-19 წლის ბიჭი. ჩემი რამდენიმე მეგობარი დაიღუპა იქ. აგრეთვე ის მსახიობები, რომლებიც ჩემი უფროსი მეგობრები იყვნენ. მე მაინც მგონია, რომ ვისაც ჩემს გამოსვლაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა, ისინი ცოტა პრორუსული ორიენტაციის ხალხი არიან. მე ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა და ძალიან დიდი პატივს ვცემ რუსულ კულტურას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ჩემი დამოკიდებულებაა რუსული პოლიტიკის მიმართ. რუსეთი ოკუპანტია და აქ უნდა მორჩეს ამაზე ლაპარაკი. ოკუპანტთან მეგობრობა გამორიცხულია.

– სოც. ქსელებში ბევრი წერს, რომ 2007 წლის 6 ნოემბერს თქვენი ცნობილი განცხადების მერე, “იმედში” მუშაობის მორალური უფლება არ გაქვთ. რამდენად ეთანხმებით ამ ადამიანებს?

– მე განცხადება გავაკეთე “რუსთავი2”-ის ეთერში 6 ნოემბერს, მაგრამ მერე 7 ნოემბერს აქციაზეც ვიყავი, თუმცა არ გავლახულვარ და ამ აქციიდან წამოსულმა “იმედის” პირდაპირ ეთერში გავაკეთე განცხადება (ჩემს წინ გამოვიდა ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი) და დავგმე ძალადობა. მაშინვე ბოდიში მოვიხადე ჩემი ადრინდელი განცხადების გამო, რადგან როდესაც ვხვდები, მივქარავ, ბოდიშის მოხდა არ მიტყდება ხოლმე. რატომ არ უნდა ვიყო “იმედში”, მაშინ როცა ბადრი პატარკაციშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებდა.

– ბევრი წერდა, რომ თქვენ გაქვთ სომხური წარმომავლობა და სწორედ ამის გამოძახილია – “ქართველობას გვართმევენ”…

– მართალია, მე დედის გვარზე ვარ და არ ვარ სხირტლაძე. მამის მხრიდან ბებია მყავს სომეხი, ხოლო მე მაქვს პოლონური გვარი, რომელიც სულაც არაა პატარა გვარი. ჩემი წინაპარი 200 წლის წინ ჩამოვიდა ბელორუსიიდან, როდესაც მათი მთავარი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყდა და გადაასახლეს ციმბირში, ხოლო მისი შთამომავლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ჩემი ნამდვილი გვარია ვალიცკი, ამაში დასამალს ვერაფერს ვხედავ.

ოპპს! მოხდა შეცდოა