“სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი “- ნინი მოხევიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ

27 წლის ნინი მოხევიშვილი ეკრანზე გამოჩენისთანავე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. მისი გარეგნობის გამო გულგრილად უცხო ადამიანიც კი ვერ ჩაუვლის. თუმცა, ნინი დღეს მარტოა და მის გვერდით მამაკაცი არ დგას. მიაჩნია, რომ გაუმართლა, რადგან ყოველწამიერად უამრავ სითბოსა და ყურადღებას გრძნობს და „კომედის“ სკეტჩებში მონაწილეობა კი მისთვის დიდი სიამოვნება და ბედნიერებაა.

“პრანჭიკელა ბავშვი ვიყავი, სულ სარკის წინ ვიდექი და ეს ხასიათი დღემდე გამომყვა. გავივლი, გამოვივლი, სარკეში უნდა ჩავიხედო. სხვათა შორის, მინდოდა, ეკრანზე გამოვჩენილიყავი და პოპულარული და ცნობადი გოგო გავმხდარიყავი. ჩემი ბავშვობის სურვილი და ოცნება იყო, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. დავიჭერდი სავარცხელს ან ტელევიზორის პულტს, დავდგებოდი და ინტერვიუებს ვიღებდი. პირველად გადაცემა „ანა-ბანაში“ გამოვჩნდი. სკოლაში მოვიდნენ და ამარჩიეს. სიხარულით გადავირიე, ტელევიზორში გამოვჩნდები-მეთქი. მკითეს, რა არის შენი ოცნებაო და ვუპასუხე: ჟურნალისტობა-მეთქი და ზუსტად, პატარა ნინი ექვსი წლის ასაკში „ანა-ბანას“ ჟურნალისტი გახდა. მერე ავიჩემე, პოდიუმზე მინდა გამოსვლა-მეთქი და სამოდელო სააგენტოში შევედი. ორჯერ გამოვედი ჩვენებაზე. სამი თვის მერე, მივხვდი, აღარ მინდოდა მოდელობა, წამოვედი იქიდან და ცეკვაზე შევედი. ზოგადად, დღემდე ასე ვარ, მარტივად მბეზრდება ერთ ადგილას ყოფნა, ეს ჩემი ცვალებადი ხასიათის ბრალია. ერთადერთი გამონაკლისი, „კომედი ჯგუფის“ ბიჭებია, რომელთა გვერდით ყოფნა არ მბეზრდება.

ისე მიყვარს ჩემი სამსახური, ამ თემაზე საუბარი მსიამოვნებს. გავიგე, რომ მაშინ ია ფარულავას გადაცემისთვის ეძებდნენ ჟურნალისტ-სტაჟიორს. ჩემმა მეგობარმა, ნათია დედანაშვილმა, მითხრა და მივედი “რუსთავი 2-ში“. ერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში გადავწყვიტე, ეს ჩემი საქმე არ არის და თავს დავანებებ-მეთქი და ზუსტად იმ პერიოდში დამირეკა ალეკო მალხაზიშვილმა, შენი დახმარება გვჭირდებაო. არც კი მიკითხავს, რაში სჭირდებოდა ჩემი დახმარება, სასწრაფოდ ჩამოვფრინდი ბათუმიდან თბილისში. ოფისის მენეჯერი გავხდი და უბედნიერესი ვიყავი. ასე მივედი კომედის ბიჭებთან სამი წლის წინ. ვხუმრობ ხოლმე: ალეკო ჩემი ნათლიმამაა-მეთქი. ერთხელ ოთახში ვღიღინებდი ჩემთვის, ასე თუ ისე, სმენა და ხმა მაქვს. იმ დროს ამიკო ჩოხარაძის გადაცემისთვის გოგო-თანაწამყვანს ეძებდნენ. ალეკომ მთხოვა: იქნებ, სიმღერა ჩაწერო და სხვას დავაყენებთ, ვითომ ის მღერისო. უარი არ მითქვამს, ჩავწერეთ სიმღერა და მეორე დღეს ალეკომ დამიბარა და მითხრა: გაემზადე, ზეგ ჩაწერა გვაქვსო. ვერ მივხვდი, რისთვის მამზადებდა, მაგრამ ფაქტია, გადასაღებ მოედანზე, სცენაზე მოვხვდი. სხვათა შორის, თავიდან უარი ვუთხარი: ამხელა პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვერ ავიღებ-მეთქი, მაგრამ რ დბლში ჩავწერეთ. სიმღერას “სულელელა“ ერქვა და ეს სახელი დღემდე შემომრჩა, ნახევარი სამსახური „სულელელას“ მეძახის. პირველი „სკეტჩიც“ მახსოვს და პირველი ცნობადობაც ქუჩაში. პანდემიის პერიოდში პირბადით და სათვალით შენიღბული დავდიოდი. მე ვერ ვცნობდი ჩემს თავს და ბავშვმა ზურგიდან მიცნო: ნახე, დედა, სიარულის მანერაზე ვიცანი, „კომედი შოუში“ რომ გოგოა, ის არისო. მოვიხსენი პირბადე და ჩავეხუტე. თავიდან, რომ მეუბნებოდნენ, ფოტო გადავიღოთო, მეუხერხულებოდა, ახლა მიხარია და ბედნიერი ვარ. მომწონს, როცა მცნობენ და ყურადღებას მაქცევენ, მეფერებიან. თავიდან კი, ასე დაიწყო – მაშინ ავთო მარგველაშვილი იყო „კომედის“ პროდიუსერი. დამიძახა და მითხრა: პატარა როლია “სკეტჩში“, უნდა იჯდე და არაფერი აკეთოო. თურმე, ჩაფიქრებული ჰქონია, დიდი ვარსკვლავი გავეხადე. მოკლედ, შემაჩვია კამერებს და დღეს თუ ხალხი მცნობს და სითბოს გამოხატავს, მისი დამსახურებაა. არ დამავიწყდება თაკო აბაშიძისა და მიშა ანდღულაძის შვილის როლი რომ შევასრულე, ვფიქრობდი: ვა, თაკოსა და მიშას შვილიც გავხდი-მეთქი. მერე, სანამ გაბუს ცოლი გავხდებოდი, ვახო ბიჭიკაშვილისა და თემო ნიქაბაძის შეყვარებული ვიყავი. სხვათა შორის, ლაშა გაბუნიას არ უნდოდა, მისი ცოლი ვყოფილიყავი, მაგრამ ბედს შეეგუა.”– ამბობს ნინი მოხევიშვილი.

წყარო: digest.pia.ge

ოპპს! მოხდა შეცდოა